საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

2019-03-16 10:55:14
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებმა 5-დღიანი სწავლება გაიარეს. ტრენინგი პროექტთან - ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT) - თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავს ახალი სასწავლო მოდულის დანერგვას. 
სწავლება ორიენტირებული იყო  იმ პრაქტიკული ცოდნისა და საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც პროკურორების მუშაობას  ხელს შეუწყობს ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად, დატვირთული იყო პრაქტიკული მაგალითების განხილვით, დისკუსიებით, ჯგუფური სავარჯიშოებითა და პრეზენტაციებით. მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებთან განიხილეს: მტკიცებულებათა მოპოვების, ნარკოტიკებით ვაჭრობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, კონტროლირებადი მიწოდების, ფარული აგენტის გამოყენების, საერთაშორისო თანამშრომლობის, უკანონოდ მოპოვებული ქონების მოძიებისა და ჩამორთმევის საკითხები. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო კრიპტოვალუტის, როგორც ფულის გათეთრების წყაროს გამოყენებასა და ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვას.  
სწავლება სამი ეტაპისაგან შედგება. შემდეგ ტრენინგზე  მონაწილეები თავიანთ მომზადებულ  პრეზენტაციებს  წარადგენენ, სწავლების ბოლო ეტაპზე კი, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სასწავლო ვიზიტით ესპანეთს ეწვევიან.
პროკურორებისთვის ტრენინგის განხორციელებას წინ უძღოდა  მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი, რომლის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე მორგებული სასწავლო მასალები მოამზადეს. გარდა ამისა, შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება  და  წარმატებული მაგალითები გააანალიზეს. მომავალში,  ახალი სასწავლო პროგრამით და მასალების აქტიური გამოყენებით,  მოქმედი პროკურორები და   სტაჟიორები მომზადდებიან.