აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითად შეფასდა ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები

2019-03-14 12:00:10
ადამიანის უფლებათა შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის   2018 წლის ანგარიშში დადებითად შეფასდა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.
მათ შორის ხაზგასმულია ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის  კატეგორიის დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორების მუშაობის მნიშვნელობა  და მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები. 
კერძოდ, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 1 986 პირის მიმართ დაიწყო, 2014 წელს კი ეს  მაჩვენებელი 550-ს შეადგენდა. 2014 წელს მსგავს დანაშაულებზე ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი 14%-ს უტოლდებოდა, 2017 წელს კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 83%-ს მიაღწია. 
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, თბილისში გაუმჯობესებულია სამართალდამცავებისა და პროკურორების პროფესიონალიზმი ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით.