მოსწავლეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკას გაეცნობიან

2019-02-12 20:02:23
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისათვის ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე რამდენიმედღიანი მოსამზადებელი კურსი დაიწყო. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან ინფორმაციას პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის შესახებ. 
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაა. 
სკოლის მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და ადგილობრივი პროკურორები შეხვდნენ. მიმდინარე სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, სასამართლო პროცესების სპეციფიკას და ბრალდების მხარის როლს.  ასევე, დეტალურად განიხილება შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. მომზადება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. 
პროექტის დასკვნით ეტაპზე  იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს  ჟიური გამოავლენს. პროექტში „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ შერჩეული 18 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით მიზნობრივი ღონისძიებები  მომავალშიც აქტიურად ჩატარდება.