პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის, შეძენა შენახვისათვის, თაღლითობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვისათვის ბრალდებულებს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2019-02-07 11:53:28
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 5 აბი და აბის 2 ნატეხი, საიდანაც 2018 წლის 26 აპრილს, ქ. თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდმა-ს შემცველი 1 აბი, 100 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე, ხოლო დანარჩენი,  მდმა-ს შემცველი 4 აბი  და აბის  2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად 2018 წლის 4 მაისს, ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში, უკანონოდ გაასაღა იმავე მოქალაქეზე. 
ასევე ქ.მ.-მ მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით 2018 წლის 28 მარტს, ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 170 ლარის საფასურად  როგორც ნარკოტიკული საშუალება, მოქალაქეზე გაასაღა 2  ვარდისფერი აბი. ასევე 2018 წლის 4 აპრილს, ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 140 ლარის საფასურად ნარკოტიკულ საშუალებად, იმავე მოქალაქეს გადასცა 2 ცალი ვარდისფერი აბი. ხოლო 2018 წლის 21 აპრილს, ქ. თბილისში, ნასიძის ქუჩაზე 500 ლარის საფასურად ასევე, როგორც ნარკოტიკული საშუალება, იმავე მოქალაქეს გადასცა 5 ცალი ვარდისფერი აბი.
სამართალდამცავებმა ქ.მ. ქ.თბილისში, 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ორ ეპიზოდში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და  გასაღება), 180-ე მუხლის I ნაწილით (თაღლითობა-მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება) და ორ ეპიზოდში 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა-მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 5 აბი, რაც 2018 წლის 3 მაისს, ქ. თბილისში, ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. 
ასევე ლ.მ.-მ მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით 2018 წლის 24 მარტს, ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 60 ლარის საფასურად,  მუყაოს ფირფიტის ნაჭერი ნარკოტიკულ საშუალებად  გაასაღა მოქალაქეზე.
ასევე ლ.მ. საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალას - 9 მმ კალიბრის პარაბელუმ-ლუგერის 7 ცალ ვაზნას.
სამართალდამცავებმა ლ.მ. ქ.თბილისში, 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება), 180-ე მუხლის I ნაწილით (თაღლითობა) და 236-ე მუხლის II ნაწილი (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
2019 წლის 7 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-180-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ,ამავე დღეს გამოტანილი განაჩენით, ასევე დამნაშავედ ცნო  ბრალდებული ქ.მ. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 19-180-ე მუხლის I ნაწილით და 19-180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.