კონფერენცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე

2019-02-08 10:17:11
ევროპის საბჭოს და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე კონფერენცია გაიმართა. 
შეხვედრის მონაწილეებმა  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში განიხილეს.
კონფერენციაზე ასევე 2016-2018 წლებში ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ანალიზი და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში მოისმინეს.
ევროპის საბჭოს მოწვეულმა ექსპერტმა, შეხვედრის მონაწილეებს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ  საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა. 
აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში 2018 წელს განხორციელდა სპეციალიზაცია, შეირჩნენ პროკურორები, რომლებმაც გადამზადების ინტენსიური კურსები გაიარეს და   სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებენ. პროკურორთა სპეციალიზაცია 2019 წელსაც გაგრძელდება და საქართველოს ყველა ტერიტორიულ დანაყოფს მოიცავს. 
2016 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე, რამაც ხელი შეუწყო სიძულვილის მოტივის გამოკვეთისა და დასაბუთების პრაქტიკას. 
2017 წელს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ პროკურორებისთვის მომზადებული რეკომენდაციის პრაქტიკაში  ეფექტიანად გამოყენების მიზნით, შემუშავდა სპეციალური კითხვარი, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულის და მოწმეთა გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია. პროკურატურის სისტემის თანამშრომლების მიერ დოკუმენტის გაცნობის შედეგად სისხლის სამართლის საქმეებში გაიზარდა სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა. 
ადამიანის უფლებების დაცვა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ  მიმართულებით მუშაობა 2019 წელსაც გაგრძელდება.