განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულს 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2019-02-05 11:26:04
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის  ბრალდებული ბ.დ. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.დ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, ასევე  „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 11 აბი და 1 აბის ნატეხი.  ბ.დ.-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 აბი 700 ლარად 2018 წლის 24 მარტს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანი“-ს შესასვლელთან, ხოლო 6 აპრილს, იმავე ღამის კლუბში, „მდმა“-ს შემცველი 5 აბი  750 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.  ბ.დ.-მ ასევე 31 მარტს, ღამის კლუბ  „ხიდის“ შესასვლელთან 650 ლარად „მდმა“-ს შემცველი 3 აბი გაასაღა, ხოლო „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველ 1 აბს მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.  
სამართალდამცველებმა ბ.დ. 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი)  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.