საქართველოს პროკურატურა სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს აცხადებს

2019-02-01 10:10:50
საქართველოს პროკურატურამ სტაჟიორთა მისაღები კონკურსის მორიგი ეტაპი გამოაცხადა.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე  საქართველოს მოქალაქეებს.
ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 600-ზე მეტმა იურისტმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული,  მათ შორის,  მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი  პირები. 
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) 2019 წლის 1 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით უნდა წარმოადგინონ.  სააპლიკაციო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი, დიპლომის ასლი (ან ცნობა უმაღლესი განათლების შესახებ), სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის, ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის, ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში). სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსს და არ აქვთ ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟიორად დაინიშნებიან შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
შესარჩევი კონკურსი 4 ეტაპად ჩატარდება  და მოიცავს შემდეგ ძირითად საფეხურებს:
განცხადების გადარჩევა;
პროფესიული ტესტირება;
ტესტირება  ზოგად უნარებში;
გასაუბრება. 
ყველა საკონკურსო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ საქართველოს პროკურატურაში გაიარონ 1 წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება. ხელფასის ოდენობა ყოველთვიურად 480 ლარს შეადგენს. ამ ეტაპს წინ უძღვის სტაჟიორთა მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოს პროკურატურის წამყვანი სპეციალისტები და მენეჯერები უძღვებიან. სტაჟირების კონკურსი ნებისმიერი მსურველისათვის არის საუკეთესო გზა დასაქმდეს და განავითაროს საკუთარი კარიერა საქართველოს პროკურატურაში. 
კონკურსის ეტაპებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი. 
დამატებითი ინფორმაციისათვის კონკურსანტებს შეუძლიათ 
დაუკავშირდნენ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში  სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოს  ტელეფონის შემდეგ ნომრებზე:
240 52 40 / 240 52 07  
 
გისურვებთ წარმატებებს!