საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გახმაურების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

2018-12-31 13:15:10
საქართველოს პროკურატურამ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარით ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა ზ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის. 
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მას შემდეგ,  რაც ზ.ს-სთვის ცნობილი გახდა ზ.პ.-ის სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ამ ინფორმაციის გახმაურების მუქარით, ზ.ს.-მ ზ.პ.-ს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს გამოსძალა გარკვეული რაოდენობის თანხა. 
2018 წლის 19 დეკემბერს ზ.ს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ზ.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.