სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ პროკურორების რეკომენდაციის მონიტორინგის ანგარიში

2018-12-31 11:31:32
2018 წელს საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტული იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ პროკურორებისთვის შემუშავებული რეკომენდაციის პრაქტიკაში  ეფექტიანად გამოყენების მიზნით, 2017 წელს მომზადდა  სპეციალური კითხვარი, რომელშიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულის და მოწმეთა გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია გაიწერა. 
პროკურატურის სისტემის თანამშრომლებისთვის კითხვარის გაცნობის  შედეგად სისხლის სამართლის საქმეებში გაიზარდა სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა. 
2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ.  4 მათგანს  ბრალდება წარედგინა  სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 4 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით, ორს -რელიგიური ნიშნით,  25  პირს - სქესის/გენდერის ნიშნით, 9 პირს (სავარაუდო ნიშანი გენდერული იდენტობა -6 პირი, სექსუალური ორიენტაცია-1 პირი, რელიგია-2 პირი);
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მონაცემებით, ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 2017 წელს გაორმაგებულია. ამასთან, თუკი 2016 წელს, პროკურორთა მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული იყო მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის ნიშანი, 2017 წელს ამ მიმართულებითაც  პროგრესი აღინიშნება. პროკურორების ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ამაღლდა და ასევე, დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა. კერძოდ,  სექსუალური ორიენტაციის ნიშნის გარდა, პირთა ბრალდება მოხდა  გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის ნიშნითაც.  
2018 წლის 11 თვის მონაცემებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 116 პირის მიმართ, 14 პირს ბრალდება წარედგინა - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; 10 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით; 1 პირს - ეთნიკური ნიშნით; 3 პირს - ეროვნული ნიშნით; 1 პირს - რელიგიის ნიშნით; 86 პირს - გენდერის/სქესის ნიშნით; ხოლო 1 პირს - სხვა ნიშნით.
ამასთან, აღსანიშნავია რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებული გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. კერძოდ, ასეთ საქმეებზე ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში შემუშავდა რეკომენდაცია, რომელიც რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მოცემულ ნორმათა განმარტებას, რელიგიური შენობა-ნაგებობების დაზიანებათა შემთხვევებს, ვერბალური შეურაცხყოფის მიყენების სამართლებრივ კვალიფიკაციას და სხვა აქტუალურ საკითხებს ითვალისწინებს. რეკომენდაცია შეისწავლა ევროპის საბჭოს ექსპერტმა. 
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ საზოგადოების პროაქტიული ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2017-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე აქტიურად ქვეყნდებოდა ინფორმაცია სექსუალური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების თაობაზე.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ პროკურორების რეკომენდაციის მონიტორინგის სრული ანგარიშის პრეზენტაცია 2019 წელს გაიმართება.