პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2018-12-07 11:46:29
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.ვ. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში თ.ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ნ.ვ., გვამი ხრამში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
სამართალდამცველებმა თ.ვ. 2018 წლის 5 აგვისტოს, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  
რუსთავის საქალაქო სასამართლომ თ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.