პროკურატურის შუამდგომლობით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

2018-12-04 16:16:32

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულებს, უკრაინის მოქალაქეებს დ.კ.-ს, რ.მ.- ს, ი.ო.-ს, ი.კ.-ს, ს.კ.-ს, ა.ნ.-ს და საქართველოს მოქალაქეს ლ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2018 წლის 2 დეკემბერს, ქ. თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში „გურუში“ და „ალიანსში“ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შვიდივე ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ბრალდებულთათვის საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.