პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

2018-12-01 17:46:23
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ჯ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ჯ.ა. 2018 წლის 28 ნოემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მან, 2018 წლის 28 ნოემბერს,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ჩაქვში, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით,  ცეცხლსასროლი იარაღიდან,   მ.ც.-ს მიმართულებით განახორციელა მრავალჯერადი გასროლა. თავისა და ზურგის არეში  მიყენებული მრავლობითი დაზიანებების  შედეგად მ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჯ.ა.-სთვის საქართველოს ს.ს.კ. 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.