პროკურორებს და გამომძიებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

2018-11-30 10:15:52

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებს და გამომძიებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ევროპის საბჭოს დისტანციური სწავლების HELP-ის პლატფორმის გამოყენებით, 42-მა პროკურორმა და გამომძიებელმა წარმატებით გაიარა 3-თვიანი სასწავლო კურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გადასცეს. 

სასწავლო პროგრამა და მასალები ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა. დისტანციური სწავლების მოდული, თეორიულ მასალასთან ერთად, დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით და სავარჯიშოებით. პროგრამა მოიცავდა როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს, რომელიც მიზნად ისახავს ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციასა და მათ დაცვას ძალადობისგან. სწავლება საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთობლივად გაიარეს, რაც მნიშვნელოვნად  უწყობს ხელს გამოცდილების გაცვლას და კოორდინირებული საქმიანობის ზრდას.
ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ერთობლივად შეაჯამეს განხორციელებული სასწავლო კურსების შედეგები. გიორგი გოგაძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა სისტემის თანამშრომლების განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მზაობა გამოთქვა მომავალი აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად. 
ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს პროკურატურის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.