გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს

2018-11-27 12:16:39
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებისა და გამოწვევების შესაჯამებლად კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრა, რომელსაც  სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა. 
კონფერენციაზე პროკურატურამ ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის შესახებ  წლის ანგარიში წარადგინა.
კონფერენციის მეორე ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა განიხილეს მოძალადეთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და დასაგეგმი პრევენციული ღონისძიებების საკითხები. 
საქართველოს პროკურატურა ასრულებს ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სტრატეგიით ნაკისრ ვალდებულებებს: 2018 წლის 1 მაისიდან მთავარი პროკურორის ბრძანებით,  ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები მუშაობენ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადება ძალადობის შედეგად დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციის უნარებსა და ფსიქოლოგიურ ასპექტებში. სისხლის სამართლის პოლიტიკა მოძალადეთა მიმართ მკაცრია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 3000-ზე მეტი მოძალადის მიმართ დაიწყო; გაზრდილია მსხვერპლთა მომართვიანობის და ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი.
გარდა ამისა, სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, გაიზარდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები. კოორდინატორი სამართალწარმოების პროცესის მონაწილე გახდა და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით. 
 
 იხილეთ: