გიორგი გაბიტაშვილმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორები დააჯილდოვა

2018-11-26 18:54:44
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორებს - ლაშა ამირანაშვილს, ალექსანდრე ჩხეიძეს,  გიორგი ხაჩიძეს და თინათინ ზუბაშვილს პროკურორ ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო -„BELA AWARD“ გადასცა. 
პროკურორები დაჯილდოვდნენ აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელშიც სხვადასხვა უწყების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 
ღონისძიებაზე გასული წლის მიღწევები განრიდების და მედიაციის პროგრამის განხორციელების პროცესში, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს. 
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, პროკურატურამ, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით,  ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში წარმატებით იმპლემენტაციისთვის, აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებისთვის, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების ზრდისა და მათ მიმართ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევების შემცირებისთვის.
შედეგად, გაიზარდა განრიდების მაჩვენებელი, შემცირდა განრიდებამდე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები, შემცირებულია არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის შემთხვევები. 2016-2017 წლებში არასრულწლოვანთა განრიდების მაჩვენებელმა 60%-ს გადააჭარბა. მიმდინარე წელს კი განრიდების პროცენტული მაჩვენებელი 6 თვის მონაცემებით 52%-ს უდრის.