საქართველოს მთავარ პროკურატურაში ოთარ ფარცხალძისთვის ბრალის წარდგენასა და მისთვის აღკვთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა

2018-11-06 17:40:35
როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, საქმე ეხება 2017 წლის  13 მაისს ღამის კლუბ „El Centro” -ში მომხდარ  ინციდენტს,  რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა  ლაშა  თორდიას სცემეს.  ჩატარებული სასამართლო სამედიცინო  ექსპერტიზის დასკვნის  თანახმად,  ცემის შედეგად  ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება , აქედან გამომდინარე პროკურატურამ  ლაშა თორდია  სცნო  დაზარალებულად. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული  ქმედება განეკუთვნება  დანაშაულის ნაკლებად მძიმე  კატეგორიას,  ოთარ ფარცხალაძეს და  მიხეილ ჩოხელს  აღკვეთი ღონისძიების სახით  5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაო განესაზღვრათ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერსაა ჩანიშნული.
რაც შეეხება კითხვას საქმეში  ახალი მტკიცებულებების არსებობასთან დაკავშირებით, პროკურორმა განმარტა, რომ რადგან ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი  და აუდიტის სამსახურის  უფროსი  და არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი,   საქართველოს პროკურატურამ   საქმის გამოძიებაში ექსპერტებად მოიწვია  საერთაშორისო ჯგუფის წევრები, რომლებიც უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში,  შეესწავლათ  სისხლის სამართლის საქმე და შემდგომ  მოემზადებინათ  დასკვნები. 
 „ვიდრე ეს პროცედურები განხორციელდებოდა, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ლაშა თორდიას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, გარდა ამისა ტარდებოდა ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭირო იყო ბრალის წარდგენისთვის. საქმეზე გუშინ მივიღეთ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და ამის შემდეგ გადაწყდა ოთარ ფარცხალაძის  გამოკითხვა.  მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია გამოძიებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადები, ამ შემთხვევაში არსებობდა გამოძიების ხანდაზმულობის ორწლიანი ვადა, წელიწადნახევარიც არ არის ფაქტიდან გასული, გამოძიება ჩატარდა დადგენილ საგამოძიებო ვადაში და ყველა  საჭირო მტკიცებულების მოგროვების შემდგომ, ბრალის წარდგენის შემდეგ   მივმართეთ სასამართლოს“ - აღნიშნა ემზარ გაგნიძემ და კითხვაზე - რატომ დაგვიანდა თუნდაც ის, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ ყოფილი აუდიტორისთვის, განაცხადა, რომ  კანონმდებლობით ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი, მათ შორის დაზარალებულად ცნობის დადგენილების გამოტანასაც, ასევე ბრალის წარდგენას,  ბრალის დადგენილებას. კანონმდებლობა მოითხოვს, რომ უნდა არსებობდეს ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა,  რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს აფიქრებინებს, რომ ეს დანაშაული ჩადენილია ამ კონკრეტული პირების შესაძლო დამნაშავეების  მხრიდან, აქედან გამომდინარე პროკურატურამ შსს-სთან ერთად  ჩაატარა ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება,  რომელიც საფუძველს მისცემდა უწყებას, რომ  ერთ შემთხვევაში  ლაშა თორდია დაზარალებულად ეცნო და  ამის რეალური საფუძვლები ყოფილიყო და  მეორე შემთხვევაში მომხდარიყო შესაძლო დამნაშავე პირების მიმართ ბრალის წარდგენა.
ჟურნალისტების კითხვას,  აქვს თუ არა გამოძიებას პროგრესი საქმეზე,  რომლის გამოც თორდია და ფარცხალაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ  (აუდიტის დასკვნა, რომელშიც  საუბარი იყო, რომ  რამდენად მიზნობრივად გადასცა მერიამ ტერიტორიები ფარცხალაძის მფლობელობაში მყოფ კომპანიას) პროკურორმა უპასუხა, რომ ამ საქმის რეალური მიზეზი არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინციდენტი.
 „ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პროკურატურა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან არის სრულიად დეპოლიტიზირებული, ჩვენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ვიძიებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში. რაც შეეხება თქვენს ვერსიას, რომ  თითქოსდა რეალური მიზეზი, იმ ვერსიას რომელზეც დაზარალებული საუბრობდა, აუდიტის დასკვნა გახდა მიზეზი, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საკითხთან მიმართებითაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და უფრო მეტიც,  გამოძიება უკვე დასკვნით ფაზაშია გადასული. აღნიშნულ საქმეშიც ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით უახლოეს პერიოდში  დადებენ დასკვნას  და გახდება ცნობილი“- განმარტა ემზარ გაგნიძემ. 
კითხვას, რატომ წარედგინათ ბრალი ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს  დაჩქარებულად, გაგნიძემ უპასუხა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მას შემდეგ რაც მოხდება შესაბამისი შესაძლო დამნაშავე პირების მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანა, ხდება სასამართლოსთვის აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნით შესაბამისი შუამდგომლობით მიმართვა.  ამის შემდეგომ თავად სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ დროს, როდის და სად ჩატარდება აღნიშნული სხდომა.  შესაბამისად, როდესაც სხდომა ჩაინიშნა, პროკურატურა მაშინ გამოცხადდა.  
„ჩვენ მივმართეთ იმ დროს, როდესაც გვქონდა საფუძველი, რომ მიგვემართა სასამართლოსთვის“ - აღნიშნა პროკურორმა და დასძინა, რომ  სამუშაო დროდ მიიჩნევა 6 საათამდე პერიოდი სასამართლოში, ამ სამუშაო პერიოდში პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით და ჩაინიშნა სხდომა.  
„ამ ეტაპისთვის, ბრალდების მხარემ ბრალდების წარდგენა მოახდინა იმ მასალიდან გამომდინარე, რომელიც საფუძველს გვაძლევდა, რომ ჩადენილი იყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, რა მოტივსაც თქვენ უთითებთ და როგორი ვერსიაც გააჟღერა დაზარალებულმა მხარემ,  ამასთან დაკავშირებით ცალკე გამოძიება უკვე მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება იმ გამოძიების ფარგლებში კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა შესაძლო დამნაშავე პირების მხრიდან, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ეცნობება“- განაცხადა გაგნიძემ ბრალდებულებისთვის კვალიფიკაციის დამძიმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. 
კითხვაზე ფარცხალაძის და ჩოხელის წინააღმდეგ რა ახალი მტკიცებულებებია, ის ვიდეოჩანაწერები, რომელიც გასული წლის მაისში იქნა ამოღებული, თუ არის დამატებითი მტკიცებულებები, გაგნიძემ უპასუხა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ მოხდება მტკიცებულებების დეტალიზაცია,  თუმცა რა თქმა უნდა, აღნიშნულ სისხლის  სამართლის საქმეში მოთავსებულია როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ვიდეო-მტკიცებულებები, ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებები. გარდა ამისა, ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა ერთობლიობითაც ამ ეტაპისთვის არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ აღნიშნული ქმედება ჩაიდინეს სწორედ ამ პიროვნებებმა.
პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ასევე განმარტა, რომ პროკურატურის ინიციატივით იმისათვის, რომ მეტი გამჭვირვალობა ყოფილიყო საკითხთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ არ გაჩენილიყო სხვა ზედმეტი კითხვები და არ მომხდარიყო საკითხის პოლიტიზირება, თავად პროკურატურამ ჩართო საერთაშორისო ჯგუფის წევრები, ექსპერტები, რომლებიც ჯერ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შემდეგ უნდა შეესწავლათ საქმე, უნდა მოემზადებინათ დასკვნები, მაგრამ ამ შესწავლის შემდგომ, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე აკეთებენ დასკვნებს, და ამ საქმეში არსებობდა ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დაპირისპირება, რასთან დაკავშირებითაც მათ არ დადეს თავისი დასკვნა.
ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტების კითხვას, რა ეტაპზეა გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში ნახსენებ  ლევან ყიფიანის ცემის ფაქტზე  უპასუხა:  „ოთარ ფარცხალაძესაც, მიხეილ ჩოხელსაც წარედგინათ ბრალდებები და ვფიქრობ ის ფაქტი, რომ ასეთ პიროვნებებს, რომლებიც გავაჟღერე, წარედგინათ უკვე ბრალდებები,  ყოფილ მთავარ პროკურორს, შესაბამისად არ არსებობს არანირი კითხვა და კითხვის ნიშანი იმისა, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებითაც მოხდება მისი გამოკითხვა. ასევე მინდა განვაცხადო დეტალურად და საზოგადოებას ვაცნობო, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ჩატარდება ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს და ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოკვლეული და რომლის ბრალეული ქმედებებიც დადგინდება, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვის საკითხს, როგორც უკვე აღვნიშნე, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს ის კითხვის ნიშანი, რომ ოთარ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება. მინდა უფრო მეტიც მოგახსენოთ, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამომძიებელი თავად საზღვრავს ტაქტიკას რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ამ საქმის ინტერესიდან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის არ არის გამოკითხული, თუმცა ვადასტურებ, რომ გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები და ყველა ის პირი გამოიკითხება, ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს“. -აღნიშნა ემზარ გაგნიძემ.