გამოხატვის თავისუფლების თემაზე პროკურორებმა და გამომძიებლებმა ტრენინგი გაიარეს

2018-11-02 14:45:33

გამოხატვის თავისუფლების თემაზე საშუალო რგოლის მენეჯერების, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.  სწავლების მიზანს მონაწილეებისთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა. სასწავლო პროცესს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.
განხორციელებული ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები, ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ეროვნულ დონეზე მათი გამოყენების მექანიზმები. მათ შორის, იმსჯელეს: კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებზე; რეპუტაციის დაცვის უფლებაზე, ჟურნალისტური წყაროების დაცვაზე, სიძულვილის ენასა   და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სასწავლო კურსი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.   
ტრენინგი საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ მხარდაჭერით განხორციელდა. 
სასწავლო პროცესში, საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების 26 თანამშრომელი მონაწილეობდა. ადამიანის უფლებათა დაცვა და სამუშაო პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.