პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2018-09-14 13:22:55
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტზე,  ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ გ“ ქვეპუნქტით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში, ზ.თ.-მ სრულიად უმიზეზოდ,  გულმკერდის  არეში დანის დარტყმით, თანასოფლელ ს.ს.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ს.ს.-ს   სიცოცხლე შეუნარჩუნდა.  
 სამართალდამცავებმა ზ.თ. 2018 წლის 11 თებერვალს  ქალაქ ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ გ“ ქვეპუნქტით, (ხულიგნური ქვენა გრძნობით,  სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თ.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  7  წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.