პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2018-08-10 11:31:54

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.მარნეულში, გ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ტ.-ს დანით გულმკერდის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად მ.ტ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.კ. იმავე დღეს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.