საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოცდილების გაზიარების მიზნით CEPOL_ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბერძენ კოლეგას უმასპინძლა

2018-08-04 10:00:09
სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის ქ. სერესის პროკურატურის პროკურორი ქრისტოს ნაინტოსი სტუმრობდა. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა გამოცდილების გაზიარებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით. 
 
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტებსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებთან. ასევე, განხორციელდა ვიზიტები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. შეხვედრები შედგა: მოსამართლესთან, პროკურორებთან, გამომძიებლებთან და სხვა შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებთან.
 
განხორციელებულ შეხვედრებზე ძირითადად განიხილებოდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდები, ეროვნულ დონეზე არსებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სპეციალიზებული საგამოძიებო სისტემის საქმიანობა, საქართველოში არსებული გამოცდილება, დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის სტატისტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა ბერძენ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პროკურატურის სისტემის, სტრატეგიული ამოცანების, ფუნქციების, პრიორიტეტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ.
 
აღნიშნულ ვიზიტს წინ, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის თორნიკე მარსაგიშვილის საბერძნეთის ქ. სერესის პროკურატურაში სტუმრობა უძღვოდა. სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების მიზანი სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლაა. მიმდინარე წელს ქართველი პროკურორების მონაწილეობით დამატებით 2 ანალოგიური პროექტი ხორციელდება.