პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2018-08-03 17:56:42
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებული ზ.თ.  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით. 
გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  ზ.თ. ბრალდებულ ტ.მ.-ს ძმას გაეცნო, როგორც პროკურატურის თანამშრომელი, დაარწმუნა თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და  დაპირდა, რომ 10 000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ტ.მ.-ს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან. დაზარალებული მოქალაქე ტ.მ. დათანხმდა მოთხოვნას და სრულად გადაუხადა ზ.თ.-ს მოთხოვნილი თანხა, რასაც ზ.თ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.