იურიდიული პირის პასუხისმგებლობის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი მომზადდა

2018-06-29 10:06:44
საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის იურიდიული პირის პასუხისმგებლობის თემაზე სპეციალური სახელმძღვანელო მომზადდა. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნეს. ახალი რეკომენდაციების მომზადების მიზანი წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი და  დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდაა.  
სახელმძღვანელოს პრაქტიკაში სწორად დანერგვის მიზნით, პროკურორები და გამომძიებლები ორდღიან სწავლებას გაივლიან. ტრენინგს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტი, დოქტორი კონსტანტინო გრასო გაუძღვება. პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული კაზუსების განხილვაზეა აგებული. ტრენინგი მოიცავს იურიდიული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მექანიზმებს, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კრიტერიუმებს, სასჯელის სახეებს, სისხლის სამართალწარმოების ალტერნატიულ მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. 
სახელმძღვანელო საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა. პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი რეკომენდაციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ინსტიტუტის პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებლების ზრდას, ამ მიმართულებით არსებული პროცედურული ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და მეწარმე სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციას. ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ პროგრამის ფარგლებში არსებული პროექტის „საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების გაძლიერება“ მხარდაჭერით ხორციელდება.