სასამართლომ ძარცვაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2018-06-04 18:53:47

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვის ჩადენაში ბრალდებული მ.ჩ. დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ქურდობისთვის ნასამართლევი მ.ჩ. ქ.თბილისში, სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ბ.-ს კუთვნილ საფულეს მასში მოთავსებული თანხით და პლასტიკური ბარათებით, „swatch“-ის და “boss”-ის ფირმის მაჯის საათებს და “SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს.  მ.ჩ.-ს ქმედებით დაზარალებულს  1350 ლარის  ოდენობის   ქონებრივი ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა მ.ჩ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.