სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2018-04-13 10:52:43
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ბ.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით. 
სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივნისს, ქ.თბილისში, შატილის ქუჩაზე მდებარე ,,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის" სპორტულ დარბაზში, სპორტული შეჯიბრის მიმდინარეობის დროს, ბ.ხ.-სა და ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბ.ხ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ.ა.-ს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა, რა დროსაც  სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
სამართალდამცველებმა ბ.ხ. 2017 წლის 27 ივნისს ზესტაფონის რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.