მთავარ პროკურატურაში ნორვეგიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

2018-04-12 16:50:26

საქართველოს მთავარ პროკურატურას ნორვეგიის სამეფოს გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს გენერალური მდივანი და  სამართლის სფეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მისი მოადგილე გიორგი გოგაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყების  თანამშრომლობის  სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, უწყების პრიორიტეტებს და განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ უწყებაში დანერგილი პროკურორთა შეფასების სისტემის და პროკურატურის თანამშრომლების როტაციის საკითხებით. საუბარი შეეხო აღდგენითი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს, განხილული იქნა განრიდებისა და მედიაციის შედეგები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაზე სრული მზაობა გამოხატეს.