ტერორიზმის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე ტრენინგი მიმდინარეობს

2018-04-11 14:45:04

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტერორიზმის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე ტრენინგი მიმდინარეობს. კურსი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ხორციელდება და მას საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან. სწავლების მიზანი ტერორისტულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა, ქართველი სამართალდამცველების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება და აშშ-ს წარმატებული პრაქტიკის გაზიარებაა. 
სასწავლო კურსს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტიდან, გამოძიების ფედერალური ბიუროდან და თავდაცვის დეპარტამენტიდან მოწვეული ექსპერტები უძღვებიან. 2-დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაიფარება: ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის, საზღვრის უკანონოდ კვეთის, სხვა ქვეყნებსა და კონფლიქტის ზონებში მტკიცებულებათა მოპოვებისა და სხვა აქტუალური საკითხები. მსჯელობა შეეხება არსებულ გამოწვევებს, რისკებს, რეალური შემთხვევების ანალიზსა და მათზე ეფექტიანი რეაგირების  მექანიზმებს.
ტერორიზმი გლობალურ საფრთხეს და მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ერთობლივი სწავლება ხელს უწყობს დანაშაულის წინააღმდეგ კოორდინირებული, ერთიანი და ეფექტიანი ბრძოლის წარმოებას.