პროკურატურაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო

2018-02-28 18:51:48
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის საფუძველზე, ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება ჯერ კიდევ  2017 წელს დაიწყო.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას და მათ შორის დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კიდევ ერთხელ ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2017 წლის 23 მაისს  დაიწყო  და მიმდინარეობს გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რის შესახებაც ოფიციალური განცხადება მყისიერად გამოქვეყნდა  მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე და  გაშუქდა  მედიასაშუალებებით. იხილეთ: (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო)  (პროკურატურის განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით)
გამოძიების ფარგლებში ხორციელდება  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციაში მითითებული საკითხების, კერძოდ: 2016 წლის 15 აპრილს, შპს ,,ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ამჟამად ნაკვეთზე გადის მუნიციპალური გზა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული ორი მიწის ნაკვეთის, გაცვლის ფორმით პრივატიზებისა და  2016 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, შპს ,,ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისთვის“ ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების კანონიერების შესწავლა. 
ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე,  მიმდინარეობს როგორც საგამოძიებო, ისე საპროცესო მოქმედებები. შესაბამისი საექსპერტო შეფასების მიზნით,  გამოძიების მიმდინარეობაში ჩართულია საქართველოს პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა ინფორმაცია როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზე (პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში ჩაერთო), ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებით. 
გამოძიების შედეგის შესახებ  ეცნობება საზოგადოებას.