სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2018-02-12 14:15:20
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული  ჯ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ამავე სოფელში მცხოვრებ ჯ.შ.-ს შელაპარაკება მოუვიდა მ.ღ.-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე მოუქნია ხის ხელკეტი. აღნიშნულით განაწყენებულმა ჯ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მ.ღ.-ს გულმკერდის არეში დაარტყა დანა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჯ.შ. 2017 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. 
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჯ.შ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.