სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2018-02-07 14:02:25

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, პ.კ-ს თავის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მამასთან - გ.კ-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გ.კ.-ს დანა გულმკერდის არეში  დაარტყა. მიღებული ჭრილობის შედეგად  გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა პ.კ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.