სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ექიმი დამნაშავედ სცნო

2018-01-29 13:55:20
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე  ექიმი ი.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2012 წლის 18 ივლისს ორსულმა ვ.მ.-მ  ქ. ქუთაისში შპს „ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს“ მიმართა და  ექიმ ი.მ-სთან  აღრიცხვაზე დადგა. 2013 წლის 7 იანვარს მას  ექიმ ი.მ-ს  მიერ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ხოლო 2013 წლის 10 იანვარს სახლში გაეწერა. რამდენიმე დღეში ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მან ი.მ-ს მიმართა, რომელმაც არ მოახდინა პაციენტის მდგომარეობის სწორი შეფასება და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და იგი 2013 წლის 25 იანვარს  გარდაიცვალა. 
ი.მ.-ს 2014 წლის 4 ივლისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და საქმე წარიმართა სასამართლოში არსებითად განსახილველად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.მ.  დამნაშავედ სცნო  წარდგენილ  ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ი.მ. სასამართლო დარბაზში დააკავეს.