საქართველოს მთავარმა პროკურორმა 2017 წლის წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

2017-12-30 16:05:52
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს დამდეგი 2018 წელი მიულოცა. 
მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებაზე მთავარმა პროკურორმა 2017 წელი შეაჯამა, თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, 2017 წელი საქართველოს პროკურატურისთვის წარმატებული  იყო: წელს დამტკიცდა პროკურატურის განვითარების 2017-2021 წლების სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია სისტემის პროგრესსა და განვითარებაზე. ასევე დამტკიცდა საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული პროკურორთა შეფასების სისტემა. არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; დამტკიცდა პროკურატურის მუშაკთა ახალი ეთიკის კოდექსი და  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პროკურორთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
მთავარმა პროკურორმა ასევე  განაცხადა, რომ  2018 წელი გაცილებით წარმატებული და პროგრესული უნდა იყოს.  საქართველოს პროკურატურის   მუდმივ პრიორიტეტად კვლავ რჩება  მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება. ასევე მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახში ჩადენილი დანაშაული, პროკურატურის მუშაკთა ტრენინგები და  სასწავლო მოდულების განხორციელება, ასევე  სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
წინასაახალწლო ღონისძიებაზე ირაკლი შოთაძემ  პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვა.  საკონსულტაციო საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლენილი იქნა 2017 წლის საუკეთესო  პროკურორი, რომელიც გახდა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაური,  საუკეთესო გამომძიებლად დასახელდა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი ლაშა აბულაძე, ხოლო წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი ზუგდიდის რაიონული პროკურატურა გახდა. 
საქართველოს პროკურატურის მიერ  დაარსებული ახალი ჯილდო  - ოჯახური დანაშაულის საქმეების წლის პროკურორი წელს პირველად ქ.თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორს ანა კალანდაძეს გადაეცა.
სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად  კეთილსინდისიერად და  მაღალ პროფესიონალურად შესრულებისთვის,  პროკურატურის სისტემაში  ერთგული   და  ხანგრძლივი  საქმიანობისთვის  ყველაზე მაღალი და საპატიო ჯილდო,  საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა  და  შესაბამისი სამკერდე ნიშანი გადაეცა ქ.თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორს გრიგოლ ბიბილაშვილს და  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორს ქეთევან თალაკვაძეს.