სასამართლომ რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობისთვის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

2017-12-06 21:33:07

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობისთვის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბრალდებული  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით და 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 აგვისტოს ბ.ბ.-მ ქ.თბილისში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გადაუყარა რელიგიური ლიტერატურა და  დააზიანა სტენდი, რომელზეც აღნიშნული ლიტერატურა იყო განთავსებული. სასამართლო პროცესზე ასევე  დადგინდა, რომ ბ.ბ.-მ ქ.თბილისში 24 სექტემბერს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბ.ბ.-ს ბრალდება 2017 წლის 23 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა აღმსარებლობის და რწმენის გამო, რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით) და 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა აღმსარებლობის და რწმენის გამო, რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც მსჯავრდებულს ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.