ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ

2017-12-06 13:47:27

ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.გ. ერთხმად სცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ  ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე მკვლელობის იარაღი - დანა, რომელზეც მოკლულის სისხლი და ბრალდებულის დნმ-ი აღმოჩნდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს, საღამოს საათებში თ.გ.-მ მისსავე საცხოვრებელ სახლში შელაპარაკების დროს სტუმარს რ.ქ.-ს გულმკერდის არეში დანა დაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად რ.ქ. ადგილზე გარდაიცვალა.
თ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. მას სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და   სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.