სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ექიმი დამნაშავედ სცნო

2017-10-11 15:53:46

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასათანადო სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 4 თებერვალს შპს “უნივერსალი ნოვა კლინიკაში“ პაციენტს ქ.კ.-ს ზოგადი ანასთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში მოთავსდა და ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ვ.ა.-ს დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. 19:00 საათზე ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ვ.ა.-ს მიერ, ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის ჩატარების მიზნით გადაწყდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენის კათეტერის ჩადგმა, თუმცა მან კათეტერის ჩადგმა ვერ განახორციელა სწორად, რამაც ინტრაპლევრალური სისხლდენა გამოიწვია და განავითარდა პოლიორგანული უკმარისობა.
ვ.ა. უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ქ.კ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდებოდა, რის გამოც პეციენტი ამ მდგომარეობაში, ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე 19:40 საათიდან 01:30 საათამდე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, პაციენტი 5 თებერვალს გადაყვანილ იქნა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიუხედავად გაწეული დროული და ადექვატური ღონისძიებებისა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ  მოხერხდა და ქ.კ. 6 თებერვალს 12:45 საათზე  გარდაიცვალა.
2017 წლის 11 აგვისტოს  ვ.ა.-ს წარედგინა ბრალდება სისხლის  სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)  და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 7000 ლარის ოდენობით. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით შეეფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება.