სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის და ცემისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2017-10-11 13:06:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მკვლელობის მცდელობისთვის და ცემისთვის ბრალდებული ნ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 20 მარტს,  ღამის საათებში, ქ. თბილისში,  სოფელ დიღომში, ნ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით,  გ.ქ.-ს დანით  სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო დ.კ.-ს სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად  გ.ქ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ნ.დ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა),  126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.დ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.