ირაკლი შოთაძე სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

2017-10-10 17:31:29

საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბულგარეთის იუსტიციის მინისტრს ცეცკა ცაჩევას, ბულგარეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს სოტირ ცაცაროვს და ბულგარეთის რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ბულგარეთის  პროკურატურების ფუნქციებზე,  სისტემასა და სტრუქტურაზე, ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკაზე ისაუბრეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ბულგარეთის რესპუბლიკის საჯარო პროკურატურას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით მხარეები თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთი ქვეყნების კანონმდებლობების შესაბამისად, ურთიერთგანვითარების მიზნით ითანამშრომლებენ, უზრუნველყოფენ ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ მხარდაჭერას, ასევე განავითარებენ თანამშრომლობას საერთო ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილებისა და ინფორმაციის ეფექტურად გაცვლის მიზნით. ითანამშრომლებენ ერთობლივი სემინარების, საგანმანათლებლო პროგრამების, ვიზიტების და სხვადასხვა საკითხების მიმართულებით.
ვიზიტის დასასრულს ბულგარეთის რესპუბლიკის  პროკურატურამ საქართველოს მთავარი პროკურორი მომავალ წელს, ბულგარეთში ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მიიწვია.