პროკურატურის ორგანიზებით თსუ-ში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

2017-10-10 15:26:00

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ, წიგნის თანაავტორებმა  სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე და მისი შექმნის საჭიროებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დამსწრეებს წიგნის შინაარსი და მიზნები გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  აღნიშნული სახელმძღვანელო, რომელშიც გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების მეთოდოლოგია, დიდ დახმარებას გაუწევს სასწავლო პროცესში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.
შეხვედრის დასასრულს იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკას წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი გადაეცა.  წიგნები საჩუქრად დაურიგდათ ასევე იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაციას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გამართავს.