საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

2017-09-12 13:01:50

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილეს ერიკ პიტერსონს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი საქართველოში მაიკლ გრანტი. 
გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები შეაჯამეს. ამასთან, განიხილეს საერთო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხები და სამომავლო გეგმები.  საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ის წვლილი, რომელიც მათ საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში შეაქვთ. შეხვედრაზე საუბარი  ასევე შეეხო საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, რომელთა მიზანიც სისტემის დამოუკიდებლობის, ეფექტიანი საქმიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.  
საუბრის ბოლოს მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სამომავლო აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება და მისი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.