საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მხარდაჭერით სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა ზღვაზე დაისვენეს

2017-09-11 13:18:35

საქართველოს პროკურატურის  თანამშრომლების  ინიციატივით და მხარდაჭერით,  მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში მდებარე წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული  სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა ქალაქ ქობულეთში დაისვენეს.
ცენტრის 28 ბენეფიციარმა  ზღვისპირა კურორტზე  10 დღე გაატარა. დასვენების პერიოდში ბენეფიციარებმა ქალაქ ბათუმის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერეს და ბათუმის დელფინარიუმსაც ეწვივნენ.
ცენტრის ბინადრები ქობულეთში მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი ბადაშვილმა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგნელებმა გააცილეს. როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ  აღნიშნა, ბოლო წლებია საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული  სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებზე აქტიურად ზრუნავს და სისტემატიურად უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული  სარეაბილიტაციო ცენტრის წევრების დასვენებისთვის საჭირო თანხა,  გასული წლის მსგავსად, წელსაც საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით შეაგროვეს. 
საქართველოს პროკურატურა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში,  ცენტრის ბინადრებისთვის მსგავსი სახის აქციებს ტრადიციულად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.