პროკურატურა ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

2017-09-01 14:27:50

ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის ფაქტზე, გ.დ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის რაიონში მცხოვრები გ.დ. განაწყენებული იყო რა ყოფილი მეუღლის ქმარზე - გ.ც.-ზე და ყოფილი მეუღლის დედაზე -  ნ.შ.-ზე, განიზრახა მათ მიმართ ძალადობა. ამ მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, საკუთარი ავტომანქანით მივიდა ნ.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან,  სადაც დაინახა ნ.შ. და ამ უკანასკნელის მეზობელი მ.ჯ.
გ.დ.-მ კუთვნილი სანადირო თოფიდან მოახდინა ნ.შ.-სა და მ.ჯ.-ს მიმართულებით გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ნ.შ.-მ,  მ.ჯ.-მ და ყოფილი მეუღლის 5 თვის შვილმა.
2017 წლის 31 აგვისტოს, გ.დ. დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაკავებული პირისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით ითვალისწინებს.