ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2017-08-04 13:49:18

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ბ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 18 მარტს, დაახლოებით 15:05 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებული ბ.შ. თავს დაესხა ქ.ზუგდიდში, ზ.გამსახურდიას გამზირი N18-ში მდებარე შპს "საქართველოს ფოსტის" კუთვნილ სავაჭრო ჯიხურის გამყიდველს - ლ.რ-ს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცა თანხა 800 ლარის ოდენობით.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.შ.  2017 წლის 19 მარტს, ქალაქ წალენჯიხაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბ.შ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  5  წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.