სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა

2017-07-07 16:19:52

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც ზოგად უნარებში ტესტირებას მოიცავდა. ზოგადი უნარების ტესტი 60 დავალებისგან შედგებოდა და კონკურსანტებს 36-ქულიანი ზღვარი უნდა გადაელახათ. მიღებული შედეგების მიხედვით, გასაუბრების ეტაპზე 173 კანდიდატი გადავიდა. წარმატებული კანდიდატები გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან ეტაპობრივად გაივლიან.
 საქართველოს პროკურატურა ორიენტირებულია კვალიფიციური, მოტივირებული, მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და უნარების მქონე კადრების მოძიებით. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მთავარ მიზანს, სწორედ ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს.
კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორობის კანდიდატები, მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სტაჟირებაზე საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდებიან. მოსამზადებელი კურსი ორიენტირებულია იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც სტაჟიორებს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება. პროკურატურაში ანაზღაურებადი სტაჟირება 1 წლამდე ვადით გრძელდება, რაც ნებისმიერ მონაწილეს დასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
კონკურსზე რეგისტრირებული 1315 მსურველიდან, საკონკურსო მოთხოვნებს 1254 კანდიდატის განაცხადი შეესაბამებოდა. მათ შორის, ტესტირებაზე გამოცხადებული 880 პირიდან, პირველი ეტაპი წარმატებით 216-მა, მეორე ეტაპი კი - 173-მა კანდიდატმა გადალახა. საქართველოს პროკურატურა თითოეულ მონაწილე პირს წარმატებებს უსურვებს.