სასამართლომ ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონი ლარის მითვისებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2017-05-16 18:14:57

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში ბრალდებული ი.ც. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს ,,ჰიგიენა 2009“-ს დირექტორმა ი.ც-მ 2016 წლის მარტიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის  შპს ,,ჰიგიენა 2009“-ის  საბანკო ანგარიშზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განთავსებული სახსრებიდან, ნაღდი ანგარიშსწორებით გამოიტანა და  მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5 004 188.27 ლარი.
ი.ც. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მითვისება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი. ც. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით განუსაზღვრა.