შრომითი ექსპლუატაციის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა

2017-03-17 18:16:24

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შრომითი ექსპლუატაციის თემაზე, პროკურორებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა. პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობითა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის  დაფინანსებით განხორციელდა.
სასწავლო პროცესს დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტი ბერნარდ ჩარლს გრავეტი უძღვებოდა. კურსი მიზნად ისახავდა სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბავშვთა შრომით ექსპლუატაციაზე. 3-დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირებას, მსხვერპლის მხარდაჭერას, სპეციალურ საგამოძიებო ტექნიკებს, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებებს, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების მეთოდების სტანდარტებს, სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
თბილისის პროკურატურისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩართულნი იყვნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა  საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.  ერთობლივი ტრენინგების მიზანია სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთიანი მიდგომის ფორმირება და კოორდინაციის ზრდა.