სასამართლომ ბრალდებულ ნ. დახუნდარიძეს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2017-02-08 15:53:33

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში, მუქარაში და სხვისი ნივთის დაზიანებაში ნუგზარ დახუნდარიძე  დამნაშავედ სცნო, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე, 151-ე მუხლებით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ნუგზარ დახუნდარიძემ ეჭვიანობის მოტივით განიზრახა მისი მეზობლის მინდია სულაძის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ნუგზარ დახუნდარიძე 2016 წლის 5 მაისს დაახლოებით 18:30 საათზე ქ.ქუთაისში მივიდა მინდია სულაძის საცხოვრებელ სახლთან, და მის მფლობელობაში არსებული, სამსახურებრივი საშტატო  ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა საძინებლის და შესასვლელის მიმართულებით, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
მინდია სულაძისთვის იმავე დღეს  ცნობილი გახდა, რომ მასზე თავდასხმის მცდელობა  ნუგზარ დახუნდარიძემ განახორციელა და დახმარებისთვის მისი დის მეუღლეს, ადვოკატ ავთანდილ ბუსხრიკიძეს მიმართა, რომელმაც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში 112-ზე დარეკა და დანაშაულის შესახებ შეატყობინა. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში, ნუგზარ დახუნდარიძე ავთანდილ ბუსხრიკიძეს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა  და მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.  შემდეგ კი,  გაიგო რა, რომ მის ქმედებას მინდია სულაძის სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყოლია, ისევ მიბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მისულები. იგი გინებით და მოკვლის მუქარით გაემართა მინდია სულაძისკენ და მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ დამიზნებით ესროლა. ნუგზარ დახუნდარიძემ მინდია სულაძის მოკვლის განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ვინაიდან გასროლილი ტყვიები  ამ უკანასკნელს არ მოხვედრია, ხოლო იქ მდგომმა პირებმა იგი განაიარაღეს და  დანაშაულის ადგილს განარიდეს.  შემთხვევის ადგილის დატოვებისას ნუგზარ დახუნდარიძე მინდია სულაძესა და ავთანდილ ბუსხრიკიძეს კვლავ დაემუქრა პირადი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.
პროკურატურის თანამშრომლებმა  ნუგზარ დახუნდარიძე  დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით  (ხულიგნობა,   ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და ძალადობის მუქარით)  19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 151-ე მუხლით (მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ნუგზარ დახუნდარიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, 151-ე და 187-ე მუხლებით, ხოლო  239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ნუგზარ დახუნდარიძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით ვადით.