პროკურატურამ თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ი.კერესელიძე დააკავა

2017-02-07 16:31:15

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ირაკლი კერესელიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ იქნა ორ-ეტაპიანი ტენდერი თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში, სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა თურქული სამშენებლო კომპანია „Genc Inshaat Limited“-ი, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და 2016 წლის აგვისტოში მიიღო დისკვალიფიკაცია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ირაკლი კერესელიძე კომპანია „Genc Inshaat Limited“-ის წარმომადგენლებს გაეცნო როგორც კვალიფიციური ადვოკატი, რომელსაც ჰქონდა ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და დაპირდა, რომ მათ კომპანიას გაამარჯვებინებდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ირაკლი კერესელიძეს ავანსის სახით უნდა მიეღო 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
2016 წლის 2 დეკემბერს, ირაკლი კერესელიძემ თურქული სამშენებლო კომპანია „Genc Inshaat Limited“-ის წარმომადგენელს წარუდგინა ტენდერში გამარჯვების დამადასტურებელი,  მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტი და გაწეული იურიდიული მომსახურების ავანსის სახით მოითხოვა და მოტყუებით დაეუფლა თურქული კომპანია „Genc Inshaat Limited“-ის კუთვნილ 60 000 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ტენდერში გამარჯვება მოიპოვა სულ სხვა უცხოურმა კომპანიამ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, ირაკლი კერესელიძე არ ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად და არ გააჩნია საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.