საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება

2013-02-25 07:24:00

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იურიდიული ნონსენსია.

 

„წარმოიდგინეთ, პარლამენტმა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება და შემდეგ ამაზე დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება",- ამბობს კუბლაშვილი და აცხადებს, რომ ამ ქმედებებით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს.  მისივე განმარტებით, ორი მოსამართლე, რომელთა პირადი საქმეების პროკურატურამ გამოითხოვა, ბესარიონ ალავიძე და მაია გიგაური, გამორჩეული მომსამართლეები და მათ არანაირი იურიდიული ნორმა არ დაურღვევიათ. კუბლაშვილის ინფორმაციით, ალავიძე 2009 წლიდან არის მოსამართლე უზენაეს სასამართლოში გიგაური კი 2010 წილდან ასრულებს მოსამართლის უფლებამოვალეობებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა აცხადებს შემდეგს:

 

საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლით, მოსამართლედ პირის გასამწესებლად აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოვიდა ინფორმაცია (ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადება და მედიით გავრცელებული ინფორმაცია ) სადაც აღნიშნული იყო, რომ    საქართველოს საერთო სასამართლოების ორ მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნდა.

 

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან  ამოღებულია ამ მოსამართლეთა პირადი საქმეები.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მოსამართლეებს მართლაც  არ ჰქონდათ უმაღლესი იურიდიული განათლება. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მოსამართლედ გამწესება წარმოადგენდა  კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. აქედან გამომდინარე საქართველოს პროკურატურა ასრულებს კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, რათა გამოავლინოს და ამხილოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების შესწავლის საგანია არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, არამედ დანაშაულის ჩამდენი პირის და დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენა, რასაც შედეგად მოჰყვა კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა.