ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე არიან დაბარებული

2013-02-12 11:23:00

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან" დაკავშირებით.

საქმე ეხება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ  სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2012 წლის ივლისიდან საქართველოს 25 ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობდა დასაქმების აგენტების მიერ შესაბამისი კითხვარების შევსება და მონაცემების ელექტრონულ ბაზებში შეყვანა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილების საფუძველზე, 2012 წლის 3 სექტემბერს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტომ" გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, შტატგარეშედ, საქართველოს ყველა რეგიონში დამატებითი კონტრაქტები  გაუფორმდა 21 837 პირს, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში უნდა შეესრულებინათ მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული ააღრიცხვო სამუშაოები.

როგორც გამოძიებით გაირკვა, ზემოაღნიშნულ 21 837 პირს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების ირგვლივ არავითარი ინფორმაცია  და დავალება არ მიუღია, მათ არც რაიმე ტრენინგი ჩატარებიათ და არ გადასცემიათ  კითხვარები, რომლებიც  პროგრამის ფარგლებში უნდა შევსებულიყო.

მიუხედავად ამისა, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ყველა მათგანს  სს „ლიბერთი ბანკის" შესაბამის ფილიალებში  ხელფასის სახით დაერიცხათ 240 ლარი.

სულ, ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია 5 240 880 ლარი.

გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ანუ საქართველოს ყველა რეგიონში, მოწმის სახით დაიკითხა 2000-მდე პირი, რომელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ზემოხსენებულ 21 837 მოქალაქეს „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის" ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და რომ მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო  აქტიურობისათვის, რაც გამოიხატებოდა საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ბროშურების, ფლაერების და სიმბოლიკების დარიგებაში, პარტიული აგიტააციისა და პროპაგანდის განხორციელებაში და სხვა.

ვინაიდან, ზემოაღნიშნული თანხის გაცემა მოხდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს  მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ამდენად, გამოძიების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის იმჟამინდელი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ. ბატონები ზურაბ ჭიაბერაშვილი და ივანე მერაბიშვილი მოწმის სახით დასაკითხად გამოძახებულნი არიან დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში 2012 წლის  13 თებერვალს დღის 12 საათზე (ზურაბ ჭიაბერაშვილი) და დღის 16 საათზე (ივანე მერაბიშვილი), რის შესახებაც უწყება უკვე დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს.

გამოძიების მიმდინარეობისა და მისი დასრულების შესახებ დამატებით გაცნობებთ.