მთავარი პროკურატურა პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

2013-01-12 01:56:00

"პროკურატურა მარიკა ვერულაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემას აიძულებს".- ეს განცხადება მიხელ სააკშვილმა ახლადდანიშნულ გუბერნატორებთან შეხვედრისას გააკეთა. პრეზიდენტის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ვერულაშვილის მეუღლე დაკითხვაზე დაიბარეს და მისივე თავისუფლების სანაცვლოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვერულაშვილის მხარდაჭერა მოითხოვეს.

 
"მე მინდა მოგიყვეთ ყვარლის დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის ისტორია. ჯერ მისი ოჯახის წევრები ატარეს დაკითხვაზე. შემდეგ, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი დააკავეს. გუშინ კი, მისი მეუღლე ჰყავდათ დაკითხვაზე. მარიკას პირველი რეაქცია იყო ის, რომ ის წავიდოდა პარლამენტიდან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მთავარი პროკურატურა  სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ 2012 წლის  პირველი ოქტომბრიდან დღემდე,  პროკურატურაში მარიკა ვერულაშვილის ოჯახის რომელიმე წევრი, მათ შორის მარიკა ვერულაშვილის მეუღლე არცერთ  სისიხლის სამართლის საქმეზე   დაკითხული არ ყოფილა.