მთავარი პროკურატურის განცხადება

2013-01-05 02:00:00

დღეს,  2013 წლის 5 იანვარს ,საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს  ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასმართლოს მიმართა. პროკურატურა სასამართლოში ზურაბ ადეიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას, ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაცემული სამი დიპლომატიური პასპორტის და ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტის  მოქმედების შეჩერაბას ითხოვს.

 
მთავარ პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია ოთხი საფუძველი, რომლითაც შეიძლება გამართლდეს პირისათვის პატიმრობის შეფარდება. ფაქტობრივად იგივე საფუძვლებია გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად „პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:
 
ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების  განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა". 
 
განსახილველ საქმეზე ბრალდებულ ზ. ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოსაყენებლად სახეზე გვაქვს ზემოთ მითითებული სამივე გარემოება.
 
სისხლის სამართლის  საქმის მასალებში არსებული საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 04 იანვრის, წერილის თანახმად ზურაბ ადეიშვილმა 2012 წლის 02 ოქტომბერს გადაკვეთა საქართველოს საზღვრის საკონტროლო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი"-ს გავლით,  დიპლომატიური პასპორტის გამოყენებით და დღემდე იგი უკან არ დაბრუნებულა. ზ. ადეიშვილმა დატოვა საქართველოს ტერიტორია მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა იგი საქართველოში აღარ დაბრუნდა არც მისი უფლებამოსილების ვადის შეწყვეტამდე და არც ახალი მთავრობის უფლებამოსილების ცნობის შემდგომ. საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით კი დასტურდება, რომ ზ.ადეიშვილის მეუღლემ და მისმა შვილებმა, საქართველოს ფარგლები დატოვეს 2012 წლის 19 ნოემბერს და უკან არ დაბრუნებულან. ზ. ადეიშვილმა გაწყვიტა კავშირი ქვეყანასთან, ბოლო ორი თვის განმავლობაში  იგი თავის ცოლ-შვილთან ერთად აღარ იმყოფება საქართველოში და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.ზ. ადეიშვილის რეგისტრაციის მისამართზე მდებარე  ბინა აღმოჩნდა დაკეტილი - მეზობლის  განმარტებით, „ზ.ადეიშვილი და მისი ოჯახი აღნიშნულ ბინაში არ იმყოფებიან და მათი ადგილსამყოფელი უცნობია" ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მამისთვის - შ.ადეიშვილისათვის ასევე უცნობია მისი შვილის ადგილსამყოფელი.
 
2012 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გარემოებების გაასაჯაროა, რითაც საზოგადობის ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა საქმის გარკვეული დეტალები და კონკრეტულად ის გარემოება, რომ საქართველოს მთავარი  პროკურატურა გეგმავდა ზ.ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას კონკრეტული ბრალდებებით. ზ.ადეიშვილის მოსალოდნელი ბრალდების შესახებ წინასწარი განაცხადი განთავსდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე და გადაიცა მასობრივი ინფორმაციის საშაულებებით.
 
ვინაიდან ვერ მოხერხდა ზ. ადეიშვილთნ დაკავშირება და ვერც მისი ადგილსამყოფელის დადგენა, ბრალდების შესახებ დადგენილება ჩაბარდათ ზ. ადეიშვილის მამის მიერ დასახელებულ ადვოკატებს - ი.გრძელიძეს და გ.სვანიძეს.  2012 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, კვლავ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია ზ.ადეიშვილის მიმართ ბრალის წარდგენის შესახებ. ამრიგად, ზ. ადეიშვილისათვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. დადგენილება ზ. ადეიშვილის ბრალდების შესახებ, სათანადო წესით ჩაბარდათ მის ადვოკატებს, რის შემდეგაც გასულია შვიდი დღე და მიუხედავად ამისა, იგი არიდებს თავს გამოძიებაში გამოცხადებას, რითაც აშკარად უშლის ხელს გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. 
 
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2013 წლის 04 იანვრის მდგომარეობით, ზ.ადეიშვილის სახელზე საქართველოში ოფიციალურად არ ირიცხება არანაირი უძრავი ქონება. მაშასადამე, იმის მხედველობაში მიღებითაც, რომ ზ. ადეიშვილმა გაიყვანა მისი ცოლშვილი საქართველოდან და მათი ადგილსამყოფელი უცნობია, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ზ.ადეიშვილს საქართველოში  ყოფნის და/ან დაბრუნების   მოტივაციები არ გააჩნია. 
 
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ზ. ადეიშვილს მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეკავა არაერთი  უმაღლესი თანამდებობა, რის გამოც მას გააჩნია ფართო და მნიშვნელოვანი კავშირები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით ზ. ადეიშვილის სახელზე გაცემულია სამი დიპლომატიური პასპორტი, რომლეთა მოქმედების ვადა არ ამოწურულა.
 
დიპლომატიური პასპორტების გაცემისა და სარგებლობის წესი რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის #941 ბრძანებულებით
 
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის #944 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდა ზოგიერთ პირს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ბრალდებული ზ. ადეიშვილი, როგორც საქართველოს იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი წარმოადგენდა სწორედ იმ თანამდებობის პირს, 2012 წლის 12 ნოემბრის ცვლილების თანახმად შეუნარჩუნდა დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა მისი უფლებამოსილების ამოწურვიდან დამატებით 1 წლის განმავლობაში.
 
საქართველოს შესაბამისი უწყებების ოფიციალური მონაცემებით ზ. ადეიშვილის  მფობელობასა და სარგებლობაში ამჟამად არის 3 დიპლომატიური პასპორტი და ერთი საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დიპლომატიური პასპორტები მას აძლევს საშუალებას ისარგებლოს დიპლომატებისათვის დადგენილი უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებით და პრივილეგიებით და  საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის გავლის გამარტივებული პროცედურებით.
 
მთავარი პროკურატურა მოითხოვს სასამართლომ ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში  მიიღოს  მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდების განსაკუთრებული სიმძიმე და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ იკისრა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სტრასბურგის აქტებით.
 
სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ დაპატიმრებულ და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა დაცვის გაძლიერება და მათი უფლებების პატივისცემა წარმოადგენს ყველა სახელმწიფოს საერთო მოვალეობას და ამგვარი პირების მიმართ სასტიკი, არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას.
 
მთავარი პროკურატურა მიიჩევს, რომ ადეიშვილის ბრალდების საქმის კონკრეტული და სპეციფიური გარემოებების, მისი პიროვნების, საქმიანობის, ყოფილი მაღალი თანამდებობრივი სტატუსის, სახელმწიფოსთან არსებული და დარჩენილი კავშირების, ასევე მისი კავშირების ქვეყნის შეიგნით და ქვეყნის გარეთ, მისი გადაადგილების თავისუფლების, მისი ბრალდების შესახებ ინფორმირებულობის მაღალი ხარისხის და მისი როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენების  გათვალისწინებით,  არსებობს ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  შეფარდებისა და  მის სახელზე გაცემული დიპლომატიური პასპორტების და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების აბსოლუტურად დასაბუთებული,  სამართლიანი და კანონიერი გარემოებები.